ბათუმის ალტერნატიული ტურისტული წერტილები

23 მაისი, 2024

ბათუმის ალტერნატიული ტურისტული წერტილები  | argo-batumi.ge

თუ ბათუმში ხართ და შაბლონური ადგილების დათვალიერებაზე მეტი გინდათ, მაშინ ბათუმის ალტერნატიული ტურისტული წერტილები უნდა ნახოთ. ასეთი ადგილების მონახულება განსაკუთრებით ხელოვნების მოყვარულ ადამიანებს მოეწონებათ. სთრით არტით, ქანდაკებებითა და ბაღებით სავსე ქალაქი სოციალურ მედიაში მრავალფეროვანი სურათების განთავსების საშუალებას გაძლევთ. ქვემოთ კი იმ ადგილებს წარმოგიდგენთ, რომლებიც ბათუმს და საქართველოს სხვა კუთხით დაგანახებთ.

მრავალენოვანი კიბეები „არგოს” საბაგიროზე

საბაგირო გზა „არგო” 10 წელზე მეტია ფუნქციონირებს და უამრავი ადამიანისთვის პოპულარული თავშეყრის ადგილია. საბაგიროს ზედა სადგური ზღვის დონიდან 256 მეტრზე მდებარეობს, საიდანაც ბათუმისა და მისი შემოგარენის მშვენიერი ხედი იშლება. ქვედა სადგურიდან ზედა სადგურამდე მოგზაურობას 15 წუთი სჭირდება, რაც საშუალებას გაძლევთ ბათუმის პეიზაჟების სილამაზე ნელ-ნელა შეიგრძნოთ.

ზედა სადგურზე ასულებს უამრავი გასართობი დაგხვდებათ - კაფე, ღვინისა და სუვენირების მაღაზიები, ფოლკლორული გამოსვლები, ა.შ.. უცხოელი ტურისტების განსაკუთრებულ გაოცებას მრავალენოვანი კიბეები იწვევს, რომლის თითოეულ საფეხურზე მისალმება სხვადასხვა ენაზე წერია. ეს ფერადი კიბეები ფოტოების გადასაღებად არაჩვეულებრივი ადგილია.

კუპატას მიურალი

კუპატას მიურალი

კუპატას მიურალი წარმოადგენს ბათუმში ერთ-ერთი შენობის კედელზე შესრულებულ ნახატს, რომელზეც ადგილობრივი კოლორიტი ძაღლი, სახელად კუპატა არის გამოსახული. კუპატას თავს ოქროს გვირგვინი უმშვენებს და უსაყვარლესი, ცოცხალი გამოხედვა აქვს.

კუპატას ისტორია ფართო საზოგადოებისთვის რამდენიმე წლის წინ გახდა ცნობილი, როდესაც მისი ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. საყვარელი ძაღლი, რომელსაც ზებრა გადასასვლელზე მცირეწლოვანი ბავშვები გადაჰყავდა, მთელმა საქართველომ გაიცნო. ბავშვების დახმარებასთან კუპატა ურჩ მძღოლებსაც ხშირად „ეჩხუბებოდა” თავისი ყეფით.

მართალია კუპატა დღეს ცოცხალი აღარ არის, თუმცა მისი სიკეთე და საყვარელი გამოხედვა ამ მიურალის მეშვეობით დიდი ხანი შემორჩება. თუ ცხოველების მოყვარული ხართ, ან უბრალოდ პატივი გინდათ მიაგოთ კუპატას გაკეთებულ საქმეს, მიურალს აუცილებლად ეწვიეთ.

ბელვიუ პოდიუმი

ბელვიუ პოდიუმი სასტუმრო „ჰილტონისა” და მის მიმდებარედ არსებული „ბელვიუ რეზიდენს ბათუმის” დამაკავშირებელი ქუჩაა. ორ მრავალსართულიან შენობას შორის განთავსებული სივრცე პრემიუმ კლასის ბრენდების მაღაზიებს, მარკეტს, რესტორნებს, ბანკს, ესთეტიკურ ცენტრს და სხვა მრავალ დაწესებულებას აერთიანებს. აქვე შეძლებთ ისეთი ცნობილი ბრენდების მაღაზიებში იშოპინგოთ, როგორებიცაა:

  • TWINSET
  • Harmont & Blaine
  • Karl Lagerfield
  • TUTTO UMMO
  • Tsikolia და ა.შ.

ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების სერვისებით სარგებლობის გარდა, ბელვიუ პოდიუმზე სურათების გადაღებასაც შეძლებთ. განსხვავებული და მდიდრული გარემო პროფესიონალური თუ მოყვარული ფოტოსესიებისთვის ზუსტად ისეთ გარემოს ქმნის, რომელიც მარტივად არ დაგავიწყდებათ.

ხვიჩა კვარაცხელიას მიურალი

ხვიჩა კვარაცხელიას მიურალი

ხვიჩა კვარაცხელიას სახელი ბოლო წლებში მსოფლიომ გაიგო. თუმცა, თუ არ იცით ლაპარაკი ვიზეა, არ იდარდოთ, მას ახლავე გაგაცნობთ.

ხვიჩა კვარაცხელია ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც კარიერა 2017 წელს „დინამო-თბილისში” დაიწყო. წლების განმავლობაში ხვიჩას მონაცემები სხვადასხვა უცხოური გუნდის ყურადღებას იმსახურებდა. 2022 წლიდან იგი იტალიის საფეხბურთი კლუბის, ნაპოლის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მისი სახელი პატარა ბავშვიდან მოხუცამდე ყველამ თანაბრად იცის.

ხვიჩას იტალიური წარმატება ბევრი ადამიანისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, მოტივაციისა და შთაგონების წყარო გახდა. სწორედ ამიტომ, 2023 წელს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ერთ-ერთ ფასადზე კვარაცხელიას პორტრეტი დახატეს.

ფეხბურთის მოყვარულებს ხვიჩა კვარაცხელიას მიურალის ბათუმის ალტერნატიული ტურისტული წერტილების სიაში მოხვედრა ალბათ განსაკუთრებით გაუხარდებათ. ბათუმში მოგზაურობისას ამ ადგილს აუცილებლად ეწვიეთ, რათა ხვიჩასთან ერთად ბევრი სამახსოვრო ფოტო გადაიღოთ.

ქუჩის მხატვრობა წარწერით „მე შენ მიყვარხარ”

სიყვარული ისეთი გრძნობაა, რომელიც ყველას გამოუცდია, თუმცა მისი ვერბალურად გამოხატვა რატომღაც რთულია ხოლმე. იმ ადამიანებისთვის, ვინც ბათუმის ალტერნატიული ტურისტული წერტილების მონახულება გადაწყვიტა და საყვარელი ადამიანისთვის სიყვარულის გამხელა უნდა, ქუჩის მხატვრობა წარწერით „მე შენ მიყვარხარ” იდეალური ადგილია.

ადგილზე მისულებს უბრალო კედელი დაგხვდებათ, სადაც „მე შენ მიყვარხარ” ძალიან ბევრჯერ წერია. თუ ვინმესთან სიყვარულში გამოტყდომა ან თქვენი პარტნიორისთვის გრძნობების ორიგინალურად შეხსენება გინდათ, იქ აუცილებლად უნდა წახვიდეთ. აუცილებელი არაა სიყვარულში ვინმეს რომანტიულ კონტექსტში უტყდებოდეთ. დედა იქნება, მეგობარი, შვილი თუ სხვა მნიშვნელოვანი ადამიანი, მათთვის უბრალოდ კედლის სურათის გაგზავნაც საკმარისი იქნება.

საბაგირო „არგოს” ინტერაქციული ქუჩის მხატვრობა

საბაგირო „არგოს” ინტერაქციული ქუჩის მხატვრობა

საბაგირო გზა „არგო” უკვე დიდი ხანია აქტუალურობას არ კარგავს. მისი ზედა სადგური ზღვის დონიდან 256 მეტრზე მდებარეობს, საიდანაც ბათუმის ულამაზესი ხედი იშლება. ქვედა სადგურიდან ზედა სადგურამდე სრულ მოგზაურობას სულ 15 წუთი სჭირდება. ამასთან, სულ 20 რვაადგილიანი გონდოლა მოძრაობს, რითაც საბაგიროს 1 საათის განმავლობაში 500-მდე მგზავრის გადაყვანა შეუძლია.

„არგოს” მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების დანიშნულება არ აქვს. ზედა სადგურზე ასულებს მრავალი საინტერესო ადგილი და აქტივობა დაგხვდებათ. მათ შორისაა ინტერაქციული კედლის მხატვრობა მათთვის, ვისაც ინსტაგრამისთვის განსხვავებული და სახალისო სურათების გადაღება უნდა.

მთელი ცხოვრება ფრენაზე ოცნებობდით? პრობლემა არაა. ფერადი ფრთები „არგოს” სადგურზე დაგხვდებათ. იქნებ ყველაზე ძლიერი გინდათ რომ იყოთ, მაგრამ ამ მიზნამდე ჯერ დიდი გზა გაქვთ გასავლელი? არ იდარდოთ, კუნთებს „არგოს” ინტერაქციულ კედელზე ითხოვებთ. წარმოსახვითი ველოსიპედით სეირნობა იქნება თუ საქანელაზე ჯდომა და ნაზი სიოთი ტკბობა, „არგოს” ფერად კედელზე გადაღებული ფოტოები კარგად გატარებული დროის ემოციას დიდხანს არ დაგავიწყებთ.

ბათუმის ბულვარის სკულპტურები

ბათუმის ბულვარში სეირნობისას არაერთ საინტერესო და სახალისო სკულპტურას შეხვდებით. ისინი სახასიათო ფოტოების გადასაღებად არის განკუთვნილი და ადგილობრივ თუ უცხოელ ტურისტებს თანაბრად იზიდავს.

ბათუმის ბულვარის სკულპტურები

სკულპტურების რიცხვს მიეკუთვნება:

  • WHERE - კონსტრუქცია, რომელზეც ინგლისური სიტყვა where (ქართულად: სად) არის გამოსახული. მისი ნიშანთვისება ჭრილებში გამოსახული ისრებია, რაც ქანდაკებას შინაარსობრივად უკავშირდება.
  • გულები - ბულვარის გაყოლებაზე სხვადასხვა სახის გულის ნაკეთობა-სკულპტურას შეხვდებით. ზოგ გულს შეყვარებული წყვილი თავიანთი სხეულით ქმნის, ზოგს ერთი მეორეს ჩუქნის, ზოგი გული კი მოცეკვავე კაცუნას უჭირავს. თქვენთვის მისაღები სკულპტურის პოვნა არ გაგიჭირდებათ.

როდესაც ბათუმის ბულვარში ფეხით გასეირნებას გადაწყვეტთ, ფოტო რაც შეიძლება მეტ ქანდაკება-კონსტრუქციასთან გადაიღეთ. შეგიძლიათ მეგობრებიც კი გამოიწვიოთ და შეეჯიბროთ ფოტოებს ვინ უფრო მეტ სკულპტურასთან გადაიღებს.

წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქანდაკება და ჩანჩქერი

წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქანდაკება და ჩანჩქერი

წმინდა ანდრია პირველწოდებული საქართველოში ქრისტიანობის ერთ-ერთ პირველ შემომტან პირად მოიაზრება. ის ქვეყანაში სწორედ ბათუმიდან შემოსულა. ამის საპატივცემულოდ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სარფში, წმინდანის ქანდაკება შეიქმნა. ის ქვისგან ნათალია, მის გვერდით კი ულამაზესი ჩანჩქერი ჩამოედინება. ამ ფონზე საუცხოო ფოტოების გადაღებას შეძლებთ.

ქანდაკება 2008 წელს გაიხსნა და ბათუმიდან 12 კილომეტრში მდებარეობს. იქ მოხვედრა მანქანით, მინიბასით, ავტობუსით ან ტაქსით შეგიძლიათ. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი გიდის დაქირავება და ამ ადგილის ტურის ფარგლებში ნახვაა.

იაპონური ბაღი

აღმოსავლური კულტურის მოყვარულებს ბათუმის ბულვარის ერთ-ერთი უმშვენიერესი კუთხის, იაპონური ბაღის ნახვა შეგიძლიათ. ბაღი ბულვარში 2015 წელს გაშენდა და იაპონური დიზაინის ელემენტებსა და ლანდშაფტის მოწყობას მოიცავს. 1000 კვადრატულ მეტრზე მოწყობილ სივრცეში იაპონიისთვის დამახასიათებელი მცენარეების გარდა ისეთ კულტურულ ელემენტებსაც შეხვდებით, როგორიცაა:

  • ტორი
  • ბუნებრივი ქვის ბილიკები
  • კასუგები
  • გადასასვლელი ხიდები და ა.შ.

კაფე „რვაფეხა”

კაფე „რვაფეხა”

საცეცებიანი ზღვის ბინადრის ფორმის ფერადი მოზაიკებით გაწყობილი შენობა ბათუმის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად გახსნის დღიდან იქცა. მისი ვიზუალიდან გამომდინარე ყველა „რვაფეხას” ეძახის, სინამდვილეში კი გახსნის დღიდან „ფანტაზია” ერქვა.

შენობა კაფე და, ამასთანავე, ქანდაკება არის. ის ბათუმის ბულვარში მდებარეობს და 1975 წელს აშენდა. კონსტრუქციას რკინის კარკასი აქვს და სხვადასხვა ფერის მოზაიკით და სმალტითაა გაწყობილი. მოზაიკებითაა მორთული რვაფეხაზე განთავსებული სხვა ზღვის ბინადრებიც. მათ შორისაა დელფინებიც, რომლებიც ბათუმის სიმბოლოს წარმოადგენს.

ფერადი „რვაფეხა” განსაკუთრებით პოპულარული ტურისტებში არის, რადგან არაჩვეულებრივი ადგილია სამახსოვრო ფოტოების გადასაღებად. ბათუმის ბულვარში სეირნობისას თუ დაიღალეთ და სადმე ჩამოჯდომა გადაწყვიტეთ, „რვაფეხას” მონახულებაზე დაფიქრდით. ადგილზე მისულები განტვირთვასაც შეძლებთ და სამახსოვრო სურათების გადაღებასაც.