10 ადგილი, რომელიც ბათუმში აუცილებლად უნდა ნახოთ

21 მაისი, 2024

10 ადგილი, რომელიც ბათუმში აუცილებლად უნდა ნახოთ | argo-batumi.ge

თუ აჭარაში მოგზაურობით ხართ დაინტერესებული და გინდათ მოიძიოთ 10 ადგილი, რომელიც ბათუმში აუცილებლად უნდა ნახოთ, სწორ გზას ადგახართ - საქართველოს ზღვისპირეთში მოგზაურობას უკეთესი ადგილიდან ვერ დაიწყებდით. ბათუმში ბევრი ულამაზესი ადგილი და მრავალფეროვანი გარემო დაგხვდებათ. გასართობი ყველა ადამიანისთვის მოიძებნება - ბუნების, თავგადასავლების, ჭამის, კულტურისა და შოპინგის მოყვარულებისთვისაც კი. ქვემოთ ის 10 ადგილია ჩამოთვლილი, რომელიც თქვენს ბათუმში მოგზაურობას დაუვიწყარს გახდის.

„არგოს” საბაგირო და გასართობი ცენტრი

საბაგირო გზა „არგო” უკვე 10 წელზე მეტია ფუნქციონირებს და ის აქტუალურობას ჯერაც არ კარგავს. საბაგიროს ზედა სადგური ზღვის დონიდან 256 მეტრზეა განლაგებული, საიდანაც ბათუმის ულამაზესი ხედი იშლება. საბაგირო უმაღლეს წერტილამდე ასვლას სულ რაღაც 15 წუთს ანდომებს და 1 საათის განმავლობაში 500-მდე მგზავრის გადაყვანა შეუძლია. ჯამში 20 გონდოლა მოძრაობს, თითოეულში კი მაქსიმუმ 8 მგზავრი ეტევა. განსაკუთრებით მშვენიერი მზის ჩასვლის სიუჟეტია, რაც გულგრილს არცერთ ადამიანს დატოვებს. საბაგირო გზა „არგო” საუკეთესო ადგილია, თუკი ზღვის სანაპიროს და ქალაქის ხედით ტკბობა გსურთ.

„არგოს” საბაგირო გზის უმაღლეს წერილში გადასახედი გემბანი დაგხვდებათ. იქიდან ქალაქის, ზღვისა და პორტის ულამაზესი პეიზაჟი იშლება. აღსანიშნავია, რომ ზღვის დონიდან 256 მეტრის სიმაღლეზე განთავსებულ გემბანზე რამდენიმე ჭოგრიტია განთავსებული, საიდანაც სასურველი ადგილის უფრო დეტალურად და, ფაქტობრივად, ახლოდან დათვალიერების საშუალებაც გეძლევათ.

„არგოს” ზედა სადგურის ხიბლი მხოლოდ ულამაზესი ხედით ტკბობა არ არის. ადგილზე მისულებს ასევე კაფე-ბარიც დაგხვდებათ, სადაც პანორამული ხედის ფონზე ვახშმობას შეძლებთ. კაფეში ადგილობრივი სამზარეულოს უგემრიელეს კერძებს გაეცნობით. განსაკუთრებით მყუდრო გარემო მზის ჩასვლის დროს არის, როდესაც ზღვა და ეს დიდი მხურვალე ვარსკვლავი ერთმანეთს ერწყმის და ფერების საოცარი ჰარმონია იქმნება.

ალკოჰოლური სასმელების მოყვარულებს ღვინის მაღაზიაც დაგხვდებათ. იქ თქვენთვის სასურველი, უკვე ნაცნობი ან უცნობი ღვინის სახეობის შერჩევას შეძლებთ. ღვინის მაღაზიიდან სუვენირების მაღაზიაში შეგიძლიათ გადაინაცვლოთ, სადაც არაერთი თემატური ნამუშევარი დაგხვდებათ. აჭარის ამ ულამაზეს ქალაქში გატარებული დრომ რომ არასდროს დაგავიწყდეთ, მაღაზიიდან თქვენთვის ან, სულაც, თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის ხელს სუვენირიც გააყოლეთ. ახალი შენაძენი ბათუმში, „არგოს” საბაგირო გზით მოგზაურებისას გატარებულ დაუვიწყარ დროს გაგახსენებთ.

უფასო სეზონური ფოლკლორული შოუები „არგოში”

„არგოში” სეზონურად უფასო ფოლკლორული შოუებიც იმართება. საღამოს 8 საათიდან ქართული ტრადიციული სიმღერისა და ცეკვის შემსრულებლები მაყურებლისთვის დაუვიწყარ გამოსვლებს მართავენ. შესაძლებლობა გექმნებათ ქართული პოლიფონიისა და მრავალსაუკუნოვანი ცეკვები ცოცხლად გამოსცადოთ.

სქაი ბარი „ნეფელე”

სქაი ბარი „ნეფელე” ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონის” მე-20 სართულზე მდებარეობს. ბარიდან მთელი ბათუმი ხელის გულივით მოჩანს. ადგილზე ქართული, ევროპული და აზიური სამზარეული დაგხვდებათ, რაც განსხვავებული გემოვნების მქონე ადამიანებისთვის სასურველი კერძის არჩევას უფრო აიოლებს.

სქაი ბარი „ნეფელე”

გემრიელი საკვებითა და გემოვნებიანი მუსიკით სიამოვნების მიღებასთან ერთად, შეგიძლიათ მე-20 სართულიდან გადაშლილი ხედით დატკბეთ. იქიდან მთები, ქალაქის ხედი და ზღვა ერთნაირად კარგად ჩანს. ბარში ალკოჰოლის დაგემოვნებაც არის შესაძლებელი. განსაკუთრებით გამორჩეული კი ქვევრში დაყენებული ღვინოებია. ამ ტექნიკით ღვინის დამზადება UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაშიც კი არის შეტანილი.

რესტორანი-ტერასა „ასკანელი”

რესტორანი-ტერასა ასკანელი არაჩვეულებრივი არჩევანია მათთვის, ვისაც ალკოჰოლური სასმელები და, განსაკუთრებით, ღვინო უყვარს. „ასკანელი ძმების” მიერ 1998 წელს წამოწყებული საქმე დღემდე წარმატებულად გრძელდება. კომპანია არამარტო ალკოჰოლურ სასმელებს აწარმოებს, არამედ თავიანთ სარესტორნო სივრცეში მისულ სტუმარს დაუვიწყარი დროის გატარებას ჰპირდება.

„ტერასა-ასკანელი” სამი სართულისგან შედგება და რესტორანს, ტერასასა და ღვინის კლუბს გთავაზობთ. მენიუ საკმაოდ მრავალფეროვანია და როგორც ქართული, ისე მსოფლიო კულინარიის დაგემოვნებას შეძლებთ. აღსანიშნავია ისიც, რომ „ასკანელი” ღვინის მოყვარულებისთვის დეგუსტაციის პროფესიონალურ მასტერკლასებსაც ატარებს.

სასიამოვნო გარემო, გემრიელი კერძები, ცოცხალი მუსიკა, ალკოჰოლური სასმელის დამზადების მრავალწლოვანი გამოცდილება - ეს ყველაფერი „ასკანელის” ტერასაში, რესტორანსა და ღვინის კლუბში სტუმრობის შემთხვევაში გელით.

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი იმ 10 ადგილს მიეკუთვნება, რომელიც ბათუმის სტუმრობისას აუცილებლად უნდა ნახოთ. მუზეუმი 1994 წელს დაარსდა და ძირითადად სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილ ნივთებს მოიცავს. საექსპოზიციო დარბაზებში ქვის, ბრინჯაოს, ელინისტური, ბიზანტიური და გვიანი შუა საუკუნეების არტეფაქტებსაც კი შეხვდებით. მუზეუმის „უხუცესი ბინადრები” ქვის იარაღებია, რომელთა არსებობა 300-400 ათასი წლით განისაზღვრება. იარაღების გარდა დამთვალიერებელს სხვადასხვა ეპოქის კერამიკის, ფიგურების, სამკაულების, მონეტების და სხვა ექსპონატების ნახვაც შეუძლია.

მუზეუმში ორი საექსპოზიციო დარბაზი ფუნქციონირებს: სამეცნიერო-პოპულარული ექსპოზიცია და ოქროს საგანძურის გამოფენა. 1998 წლიდან ოქსფორდის უნივერსიტეტის აშმოლის მუზეუმთან თანამშრომლობით ერთობლივი ექსპოზიცია მუშაობს, რის შედეგად ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს არაერთი ექსპონატი შეემატა.

მუზეუმი მარტივად მისაგნებია და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მისვლაც მოსახერხებელია. ბილეთების შეძენა ონლაინ შეგიძლიათ. აღსანიშნავია ისიც, რომ მუზეუმში მრავალი მასტერკლასი ტარდება ხოლმე.

ბელვიუ პოდიუმი

ბელვიუ პოდიუმი სასტუმრო „ჰილტონისა” და მის მიმდებარედ არსებული „ბელვიუ რეზიდენს ბათუმის” დამაკავშირებელი ქუჩაა. ამ ორ ტყუპ შენობას შორის განთავსებული სივრცე პრემიუმ კლასის ბრენდების მაღაზიებს, მარკეტს, რესტორნებს, ბანკს, ესთეტიკურ ცენტრს და სხვა მრავალ დაწესებულებას აერთიანებს. აქ ისეთი ცნობილი ბრენდების მაღაზიებს შეხვდებით, როგორებიცაა: TWINSET, Harmont & Blaine, Karl Lagerfield, TUTTO UMMO, Tsikolia, ა.შ. იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც აქ არსებული ბიზნესების სერვისებით სარგებლობით დროის დაზოგვა სურს.

ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკური ბაღი ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 9 კილომეტრით არის დაშორებული. ეს ადგილი ტურისტების მიერ სანახავი ადგილების ტოპ ათეულში დამსახურებულად შედის, რადგან სპეციფიური და მრავალფეროვანი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებით ხასიათდება.

ბოტანიკური ბაღი

ბოტანიკური ბაღის ისტორია 1912 წელს იწყება, როდესაც მისი განაშენიანება დაიწყო. ამ საქმეში დიდი წვლილი იასონ გორდეზიანს მიუძღვის. აქ ადგილობრივი და უცხოური წარმოშობის ათასობით მცენარის ნახვას შეძლებთ. ბაღში 9 სხვადასხვა განყოფილებაა, სადაც მცენარეები მსოფლიოს რეგიონების წარმოშობის მიხედვით განსხვავდება. გარდა ამისა, პარკს 3 ძირითადი ნაწილი აქვს - ზედა პარკი, ქვედა პარკი და გიორგი გაბრიჩიძის სახელობის ზღვისპირა პარკი.

ბოტანიკური ბაღი დამთვალიერებელს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს, მათ შორისაა:

  • ბაღის დათვალიერება
  • ექსკურსიამძღოლის აყვანა
  • ელექტრომობილის დაქირავება
  • საქორწილო ცერემონიის მომსახურება.

გარდა ამისა, სპეციალურად გამოყოფილ ზონებში პიკნიკის მოწყობას და კემპინგსაც შეძლებთ. ბაღის დატოვებამდე სასურველი ყვავილის ყიდვაც შეგიძლიათ, რათა სასიამოვნოდ გატარებული დრო და ემოციები დიდხანს გაგყვეთ.

დელფინარიუმი

ბათუმიდან ისე ვერ წახვალთ დელფინარიუმშიც რომ არ შეიაროთ. იქ სამ ძირითად მომსახურებას გაგიწევენ.

დელფინების შოუ

დელფინების შოუ

დელფინების შოუ ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად ორშაბათის გარდა ყოველდღე იმართება. შოუს საშუალო განგრძლივობა 35 წუთს შეადგენს და ცხოველების მოყვარულები ამ დროის მანძილზე დაუვიწყარ სანახაობას იხილავთ. მოცეკვავე და მოთამაშე დელფინები განსაკუთრებით დასამახსოვრებელი პატარა ვიზიტორებისთვის არის.

დელფინებთან ცურვა

დიახ, არ მოგესმათ! დელფინარიუმში დელფინებთან ერთად ცურვაც შეგიძლიათ. აისურვეთ ბავშვობის ოცნება ან გაახარეთ თქვენი პატარები! დაჯავშნეთ დელფინებთან ცურვა და საუკეთესო მოგონებები შეიქმენით.

აკვარიუმი

აკვარიუმში წყლის ბინადრების დათვალიერება ყოველდღე შეგიძლიათ. უფროსები შესვლას ხელმისაწვდომ ფასად შეძლებთ, ბავშვებისთვის კი ეს სიამოვნება სრულიად უფასოა.

ევროპის მოედანი

ევროპის მოედანი

10 ადგილი, რომელიც ბათუმში აუცილებლად უნდა ნახოთ სულაც არ არის საჭირო რთული მისაგნები ან ფასიანი იყოს. მაგალითად, ბათუმის ევროპის მოედანი, ე.წ. „ერას მოედანი” ბათუმში სანახავი ადგილებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. აქ მოხვედრა ფეხით სიარულის მოყვარულებისთვის განსაკუთრებით ადვილია. ადგილზე დაგხვდებათ ულამაზესი არქიტექტურა, რომელიც მე-19 მე-20 საუკუნეებით თარიღდება. ეს ამ ადგილს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. გარდა ამისა, რომ იქვე მრავალი კაფე, რესტორანი და სასტუმროც დაგხვდებათ, სადაც განტვირთვას და დროის სასიამოვნოდ გატარებას შეძლებთ. განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი მოედანზე მდებარე მედეას ქანდაკებაა, რომელსაც ხელში ოქროს საწმისი უჭირავს.

ბათუმის პანორამული ბორბალი

ბათუმის პანორამული ბორბალი

ბათუმის პანორამული ბორბალი, ე.წ. „ეშმაკის ბორბალი” ბათუმის მერიის დაკვეთით 2011 წელს აშენდა. იგი 10 წელზე მეტია ქალაქის ახალი ბულვარის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ღირსშესანიშნაობაა. ბორბლის სრული წრის ხანგრძლივობა 10 წუთს შეადგენს და უმაღლესი წერტილი მიწიდან 55 მეტრია. ამ სიმაღლიდან დამსვენებელს სანაპირო ზოლისა და ქალაქის ხედის დათვალიერება შეუძლიათ. 40 გონდოლიდან თითოეული 6-ადგილიანია, რაც ერთდროულად 240 ადამიანის მომსახურების საშუალებას იძლევა.

„ალი და ნინოს” ქანდაკება

„ალი და ნინოს” ქანდაკება არამარტო ბათუმის, არამედ მთელი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვნების ნიმუშია. ქართველმა ხელოვანმა თამარ კვესიტაძემ ქალისა და მამაკაცის ამ უჩვეულო რკინის ქანდაკების იდეაზე მუშაობა 1999 წლიდან დაიწყო. იდეას ხორცი რამდენიმე წლის შემდეგ შეესხა და ბათუმის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცა.

ალი და ნინოს ქანდაკება

ქანდაკების ორიგინალურობა იმაში გამოიხატება, რომ პოდიუმზე მოთავსებული ქალისა და კაცის 8 მეტრიანი ქანდაკებები ყოველ 10 წუთში ერთმანეთს ერწყმის. ეს კი სიყვარულის სიმბოლიზმით არის დატვირთული. რეალურად, ქანდაკების სახელის ინსპირაცია აზერბაიჯანელი მწერლის, ყურბან საიდის იმავე სახელის მქონე რომანია, სადაც მუსულმანი მამაკაცისა და ქრისტიანი ქალის, ალის და ნინოს სიყვარულის ისტორიაა მოთხრობილი.

თვლით, რომ უკვე იპოვეთ ის 10 ადგილი, რომელიც ბათუმში აუცილებლად უნდა ნახოთ? თუ პირიქით - გაინტერესებთ ბათუმში ან მასთან ახლოს კიდევ რისი ნახვა შეგიძლიათ?

ჩამონათვალის სრულად წაიკითხვის შემთხვევაშიც თუ მაინც დანაკლისის განცდა დაგრჩათ, დამატებით 2 საინტერესო ადგილს შემოგთავაზებთ. შესაძლოა დროში შეზღუდულები იყოთ, თუმცა თუ მათ მონახულებას შეძლებთ ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.

მოცეკვავე შადრევნები

მოცეკვავე შადრევნები

მოცეკვავე შადრევნების ნახვა დამღლელი დღის ბოლოს, ვახშმის შემდეგ სეირნობისას შეგიძლიათ. მუსიკისა და ლაზერშოუს თანხლებით შადრევნები ცეკვის შთაბეჭდილებას ტოვებს და დაუვიწყარ სანახაობას ქმნის. წარმოდგენით გვიან საღამომდე შეგიძლიათ ისიამოვნოთ.

ატრაქციონების პარკი „ციცინათელა”

ატრაქციონების პარკი „ციცინათელა”

ატრაქციონების პარკი „ციცინათელა” ბათუმთან ახლოს, შეკვეთილში მდებარეობს. პარკი 2006 წლიდან ფუნქციონირებს და უამრავ ბავშვს თუ მოზრდილ ადამიანს ცხოვრებას უხალისებს. ადგილობრივებისთვის „ციცინათელა” ბავშვობასთან ასოცირდება. ატრაქციონები სამ ძირითად კატეგორიად: საბავშვო, საოჯახო და ექსტრემალურად იყოფა, რაც ნებისმიერი ადამიანის გართობას უზრუნველყოფს. 36 გასართობ ატრაქციონთან, ბოულინგთან, ლაბირინთთან და სათამაშო ავტომატების დარბაზთან ერთად ადგილზე კვების ობიექტები და სავაჭრო ჯიხურებიც დაგხვდებათ, რაც მოსვენების და განტვირთვის საშუალებასაც მოგცემთ.

გაითვალისწინეთ, რომ პარკში შესვლისას ბარათი უნდა შეიძინოთ და შემდეგ მასზე სასურველი თანხა განათავსოთ, რათა ატრაქციონებით სარგებლობა შეძლოთ.