ღვინის კუთხე „არგოზე“
მომსახურების მაღალი სტანდარტი, დეგუსტაციის შესაძლებლობა და ღვინის ფართო ასორტიმენტი - მშრალი, ნახევრად ტკბილი, შემაგრებული თუ ცქრიალა წითელი და თეთრი ღვინოები; ასევე ქვევრის სხვადასხვა ღვინო და ჭაჭა - ქართული წარმოების მთელი მასშტაბი და შთამბეჭდავი მრავალფეროვნება ერთ „კუთხეში“.
აქ ნახავთ მცირე მარნებისა თუ ღვინის დიდი კომპანიების ცნობილ ბრენდებს, სუფრის, საკოლექციო და ლიმიტირებული ჩამოსხმის ნიმუშებს. განსხვავებული ტექნოლოგიითა და მეთოდიკით დაყენებული ღვინოების დიდი არჩევანი - მოგზაურობა ქართული მეღვინეობის წარსულსა და აწმყოში, ღვინისა და ვაზის ქართულ თავგადასავალში.
„ქართული ღვინის რუკა“: როგორც „არგოს“ მთელ კომპლექსში, „ღვინის კუთხეშიც“ ისტორია და აწმყო ერთ მთლიან, ჰარმონიულ სივრცეს ქმნის. ქართული ღვინის ძველი და ახალი ბრენდები - უნიკალურ, საღვინე ყურძნის ჯიშებზე დაყენებული ქვევრის ღვინოები, სხვადასხვა მარნის, ქარხნისა და საოჯახო წარმოების ბიოპროდუქცია - ქართული ღვინის მასშტაბური რუკა და მენიუ, კიდევ ერთი სივრცე „ღვინის ტურისტებისთვის“.
„კარგი ღვინის ფასი“: ის, ვინც „ღვინის სამშობლოში“ ცხოვრობს ან „ღვინის სამშობლოს“ სტუმარია და იცის, რას ნიშნავს კარგი ღვინო, ან კარგი ღვინის პოვნა უნდა, ბათუმში ყოფნისას აუცილებლად აღმოჩნდება „არგოს“ „ღვინის კუთხეში“. მაღალი ხარისხი, ფასი და არჩევანი ყველა სურვილისა და შესაძლებლობისთვის - ადგილი, უბრალოდ ღვინის კი არა, საუკეთესო ღვინის შესაძენად.
„უწყვეტი კულტურის ათასწლეულები“: საქართველოში აღწერილია კულტურული ვაზის 500-ზე მეტი უნიკალური, ადგილობრივი ჯიში. ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი, რომელიც სულ მცირე რვა ათასი წლით თარიღდება, იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაშია შეტანილი. საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური აღმოჩენებით არის დადასტურებული მეღვინეობის უძველესი კვალი. „ღვინის კუთხე“ ამ ათასწლეულების, ამ დიდი გზის კიდევ ერთი სიმბოლოა - კულტურულ-გასართობი კომპლექსის „ეთნო- და ენოაქცენტი“ ღვინის მოყვარული, ღვინის მცოდნე თუ ღვინის მაძიებელი „არგოს“ სტუმრებისთვის.