საბაგირო გზა „არგო“ - 10 წელი და მთელი ისტორია


ბათუმის პირველი „საბაგირო გზა არგო“ 2013 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ამ გზით ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. „არგოთი“ მგზავრობა ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე იწყება და ანურიის მთაზე, ზღვის დონიდან 256 მეტრ სიმაღლეზე სრულდება. საბაგირო გზაზე 8-ადგილიანი 20 გონდოლა მოძრაობს, გზის სიგრძე 2 586 მეტრია და მის დაფარვას 15 წუთი სჭირდება. ერთ საათში დაახლოებით 500-მდე მგზავრის გადაყვანაა შესაძლებელი.

მგზავრების უსაფრთხოებასა და მოწესრიგებულ გარემოს პროფესიონალი გამცილებლები უზრუნველყოფენ. სისტემურად ხორციელდება ტექნიკური დათვალიერება და კონტროლი. დაცულობის, კომფორტის მაღალი სტანდარტი და ხარისხი „საბაგირო გზა არგოს“ ერთ-ერთ შეუცვლელ მარშრუტად აქცევს როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისა და ბათუმის სხვა სტუმრებისთვის.

ყველამ, ვისაც ასე ძალიან უყვარს პორტში, ბულვარსა თუ ზღვის სანაპიროზე სეირნობა, ბათუმის ძველი და ახალი უბნების თვალიერება, იცის, რომ უკვე მეათე წელია, მხოლოდ „არგოდან ხედავ“ ქალაქს, პორტს, ზღვას - უსასრულო სივრცეს და ჰორიზონტს. ყველამ, ვისაც უნდა საკუთარი თავი, მეგობრები, სტუმრები თუ ბიზნესპარტნიორები დაუვიწყარი შთაბეჭდილებით დაასაჩუქროს, „არგოს“ ირჩევს, ყველასთვის მისაღებ, კომფორტულ, დიდ და მრავალფეროვან სივრცეს.

15-წუთიანი გზა, რომლითაც ზღვისა და მთის კონტრასტულობის, სილამაზის აღქმა იწყება, გონდოლის ბოლო გაჩერებაზე არ სრულდება - კულტურულ-გასართობ კომპლექსს გადმოსახედი ბაქანიც აქვს, საიდანაც ქალაქისა და ზღვის თვალუწვდენელი პეიზაჟები ჩანს. ბაქანზე დამონტაჟებულია რამდენიმე ჭოგრიტი პანორამული ხედების კიდევ უფრო მისაახლოებლად, უცნობი თუ მოულოდნელი დეტალების აღმოსაჩენად.

საბაგირო გზა კულტურულ-გასართობი კომპლექსის მასშტაბური კონცეფციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია - ერთგვარი კარიბჭე, ბაქანი, საიდანაც დაუვიწყარი მოგზაურობა და თავგადასავალი იწყება. აქ ყველგან იგრძნობა ლეგენდარული გემის კვალი და გავლენა კომპლექსის არქიტექტურასა და დიზაინში - დახვეწილი მინიშნებები საქართველოს კულტურასა და უძველეს ისტორიაზე; ზუსტი შინაარსი და კონტექსტი - ის, რაც ასე გამოარჩევს „არგოს“, რის გამოც აფასებენ და ასე უყვართ აქ სტუმრობა.