საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქალაქ ბათუმში მდებარეობს. „არგოს“ კონცეფცია არგონავტების თქმულების, არგოს მითის ირგვლივაა აგებული, შესაბამისად, საბაგირო გზის, კომპლექსის შიდა და გარე სივრცეების, მთლიანად შენობის დიზაინი და არქიტექტურა მჭიდროდ უკავშირდება ძველი კოლხეთის ყველაზე ცნობილი „სტუმრების“ მოგზაურობასა და თავგადასავალს.
კომპლექსის ძირითადი ნაწილი ანურიის მთაზე, ზღვის დონიდან 256 მეტრ სიმაღლეზეა განთავსებული. იქ მოხვედრა შესაძლებელია „არგოს“ საბაგირო გზით, რომლის ქვედა სადგური ბათუმში, ბაქოს ქუჩაზეა. საბაგირო გზის სიგრძე 2 586 მეტრია, მოძრაობს 8-ადგილიანი 20 გონდოლა და ერთი მიმართულებით მგზავრობას დაახლოებით 15 წუთი სჭირდება. „არგოდან“ ფეხით ჩამოსვლაც შეიძლება. ეს კიდევ ერთი მარშრუტია, მათთვის, ვისაც ბუნება და ფეხით სიარული უყვარს - შესაძლებლობა აჭარის მთის და სოფლების დასათვალიერებლად, აჭარული სახლების სანახავად და სტუმართმოყვარე აჭარლების გასაცნობად.
კულტურულ-გასართობი კომპლექსი მუშაობას 10:00 საათიდან იწყებს. ზაფხულში, კარგ ამინდში 20:00 საათიდან აქ ფოლკლორული საღამოები იმართება: ცეკვა და სიმღერა, საბრძოლო ხელოვნებისა და ტრადიციული ქართული ცეკვის მასტერკლასები. კვირაში რამდენჯერმე ეწყობა კლასიკური მუსიკის კონცერტი... როგორც ბავშვებს, ისე დიდებს „არგო“ ხშირად სთავაზობს სხვადასხვა გასართობ შოუ-პროგრამას.
„არგოზე“ მუშაობს კაფე-ბარი, ღვინის და სუვენირების მაღაზია, ასევე „გემბანზეა“ განთავსებული ღია კაფე, აქვეა ფოტოჯიხური, სანაყინე, გადმოსახედი ბაქანი და სხვა...
„არგო“ კომპანია „ტურინვესტ ჯგუფის“ ერთ-ერთი პროექტია, რომელსაც საფუძველი 2008 წელს ჩაეყარა, მშენებლობას დაახლოებით 5 წელი დასჭირდა და 2013 წლის 17 აგვისტოს ოფიციალურად გაიხსნა. საბაგირო გზა დააპროექტა და დაამზადა Doppelmayr-მა, საბაგირო ინჟინერიის მსოფლიოს ლიდერმა კომპანიამ. საბაგირო გზის სადგურების, ასევე კომპლექსის არქიტექტურა დაამუშავა ცნობილმა კომპანია CallisonRTKL-მა.