ნებისმიერი ქალაქის ისტორიაზე არქიტექტურა ბევრ რამეს გვეუბნება. ბათუმის ტურისტული ადგილებიდან რამდენიმე გამორჩეული შენობა კი უძველესი ქალაქის საოცარ ისტორიაზე მოგითხრობთ. აქ შეხვდებით როგორც წინა საუკუნეებში აშენებული ნაგებობების ნაირსახეობას, ისე თანამედროვეობის ულამაზეს არქიტექტურულ ძეგლებს. მრავალფეროვნება ბათუმს მეტ ხიბლს სძენს და დამთვარიელებელს გულგრილს არ ტოვებს. თავისი არქიტექტურით ყველაზე გამორჩეული ტურისტული ადგილების ნუსხას ქვევით იხილავთ.
გამორჩეული არქიტექტურის მქონე ბათუმის ტურისტული ადგილების რიცხვს კაფე „რვაფეხა” აუცილებლად უნდა მივაკუთვნოთ. ზღვის ამ უცნაური ბინადრის ფორმის ფერადი მოზაიკებით გაწყობილი შენობა ბათუმის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად გახსნის დღიდან იქცა. კაფეს სინამდვილეში „ფანტაზია” ჰქვია, თუმცა მისი ვიზუალიდან გამომდინარე ყველა „რვაფეხას” ეძახის.
შენობას მხოლოდ კაფეს დანიშნულება არ აქვს, ის ქანდაკებაც არის. „რვაფეხა” ბათუმის ბულვარში მდებარეობს და 1975 წელს აშენდა. კონსტრუქციას რკინის კარკასი აქვს და სხვადასხვა ფერის მოზაიკით და სმალტითაა გაწყობილი. მოზაიკებითაა მორთული რვაფეხაზე განთავსებული სხვა ზღვის ბინადრებიც. მათ შორისაა დელფინებიც, რომლებიც ბათუმის სიმბოლოს წარმოადგენს.
„რვაფეხა” 2000 წელს დაიკეტა და ხელახლა გახსნამდე იერსახე საკმაოდ შეელახა. სწორედ ამიტომ, 2018 წელს მისი აღდგენითი სამუშაოები დაიწყო და ერთი წლის შემდეგ საზეიმო წესითაც გახსნეს. უნდა აღინიშნოს, რომ შენობა ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, 2020 წელს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ „რვაფეხა” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად ცნო.
ფერად „რვაფეხას” გულგრილი ვერ ჩაუვლით, რადგან მისი სილამაზე და ორიგინალური იერსახე ყველას ყურადღებას იპყრობს. გარდა ამისა, ის ტურისტებისთვის არაჩვეულებრივი ადგილია სამახსოვრო ფოტოების გადასაღებად. ამიტომ, თუ გაინტერესებთ ბათუმის ტურისტული ადგილებიდან რომელი შეგაყვარებთ თავს თავისი გამორჩეული არქიტექტურით, კაფე-ქანდაკება „რვაფეხა” აუცილებლად მოინახულეთ.
საბაგირო გზა „არგო” 10 წელზე მეტია არსებობს და აქტუალურობას ჯერაც არ კარგავს. მისი ზედა სადგური ზღვის დონიდან 256 მეტრზე მდებარეობს, საიდანაც ბათუმის ულამაზესი ხედი იშლება. ზედა სადგურამდე ასვლას 15 წუთი უნდა. ამასთან, სულ 20 რვაადგილიანი გონდოლა მოძრაობს, რითაც საბაგიროს 1 საათის განმავლობაში 500-მდე მგზავრის გადაყვანა შეუძლია. განსაკუთრებით საოცარი მზის ჩასვლის სიუჟეტია, რაც გულგრილს არცერთ ადამიანს დატოვებს. საბაგირო გზა „არგო” საუკეთესო ადგილია, თუკი ზღვის სანაპიროს და ქალაქის ხედით ტკბობა გსურთ.
შენობა საკმაოდ ორიგინალურია და ისეა მოპირკეთებული, რომ გარედან ფერადი ვიტრაჟის შთაბეჭდილებას ქმნის. ის თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი ნიმუშია და სახასიათო ექსტერიერი აქვს, რაც დამთვალიერებელზე დასამახსოვრებელ შთაბეჭდილებას ახდენს. მისი უნიკალური ვიზუალი ნამდვილად არასდროს დაგავიწყდებათ.
იმის მიუხედავად, რომ ბათუმში თეატრალური წარმოდგენები 1879 წლიდან იდგმებოდა და 1884 წლიდან თეატრის შენობაც უკვე არსებობდა, ბათუმის დღევანდელი თეატრის შენობა საზეიმოდ 1952 წელს გაიხნა. 1959 წლიდან თეატრი ილია ჭავჭავაძის სახელს ატარებს და მაყურებლებს დაუვიწყარ სპექტაკლებს ჩუქნის. მის სცენაზე აღიზარდნენ ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან: მიხეილ ნაპირელი, ლუბა კობეშავიძე, იური ცანავა, ნინო საკანდელიძე და სხვანი.
თეატრის შენობა დიდი ხნის მანძილზე რესტავრაციას საჭიროებდა, რაც 2015-18 წლებში მოხერხდა. განახლებული თეატრი ინფრასტრუქტურულად და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა. ამით მაქსიმალური სიამოვნება და კომფორტი შეგიძლიათ განიცადოთ. შენობის ვიზუალი საკმაოდ საინტერესოა და სვეტოვანი ფასადი ანტიკურ ბერძნულ შენობებს მოგაგონებთ. აღსანიშნავია, რომ თეატრს ადგილმდებარეობაც შესანიშნავი აქვს - ბათუმის ბულვართან და ევროპის მოედანთან ახლოს.
შარდევნის, ე.წ. „ჭაჭის” კოშკი 2012 წელს აშენდა და მე-20 საუკუნის დასაწყისში არსებული მსგავსი დანიშნულების შენობის ზუსტი ასლია. შენობა სიმაღლეში 25 მეტრს წარმოადგენს და ზედა სართულზე გადასახედი აქვს, საიდანაც ქალაქი ბათუმისა და შავი ზღვის ულამაზესი ხედები იშლება. კოშკის მე-18 სართულზე საათიც არის, რომელიც გამვლელებს ზუსტ დროს აუწყებს. შენობა ანბანის კოშკთან და ეშმაკის ბორბალთან ახლოს მდებარეობს და თავისი სიმაღლითა და ოქროს დეტალებით უამრავ დამთვალიერებელს იზიდავს.
„ჭაჭის” კოშკის სახელის ისტორია ქართულ ტრადიციულ ალკოჰოლურ სასმელს, ჭაჭას უკავშირდება. საქმე იმაშია, რომ კვირაში ერთხელ, 10-15 წუთის განმავლობაში შენობიდან აღნიშნული სასმელი მოედინებოდა. ამით ხალხს შესაძლებლობა ჰქონდა ჭაჭა უფასოდ დაეგემოვნებინა. საზოგადოების უსაფრთხოების მიზნით, ალკოჰოლური სასმელი აღარ მოედინება ხოლმე, თუმცა ამ გამორჩეულად ლამაზი შენობის სხვა დანიშნულებითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ. საინტერესოა ისიც, რომ ბათუმში მსგავსი შენობა 100 წლის წინაც იყო და მას დანიშნულებაც იგივე ჰქონდა.
სხვა საპორტო ქალაქების მსგავსად ბათუმსაც თავისი შუქურა აქვს. ის 1863 წელს ააშენეს და, თავიდან მხოლოდ თუჯის სვეტს წარმოადგენდა, რომელსაც ზევით დიოპტირული ნათურა გქონდა. დროთა განმავლობაში ძველ შუქურას აღდგენა და გაუმჯობესება დასჭირდა. ამიტომ, მისი რეკონსტრუქცია მალევე დაიწყო.
შუქურა 1882 წელს ფრანგი კონსტრუქტორების მიერ გადაკეთდა. ძველი თუჯის სვეტი სწორწახნაგოვანი ქვის სვეტით შეიცვალა. მის კენწეროში არსებულ კოშკში კი სანათი მოწყობილობა დააყენეს. ამ პერიოდიდანვე შუქურის ერთსართულიან ფლიგელებში ადგილობრივი მეტეოროლოგიური და სამაშველო სადგურები ფუნქციონირებდა.
ბათუმის შუქურა ბევრი ტურისტის საყვარელი ადგილია, რადგან თავისი დანიშნულების გარდა ფოტოების გადასაღებად შესანიშნავი ადგილიც არის. იგი ქალაქის ცენტრთან და სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებთან საკმაოდ ახლოსაა. ასე რომ, თუ ბატუმის გამორჩეული არქიტექტურული შენობების ნახვას გადაწყვეტთ, შუქურასაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ.
სასტუმრო „ლე მერიდიენი” ბათუმში მდებარეობს და ამიერკავკასიაში უმაღლეს შენობად მიიჩნევა. მისი სიმაღლე 205 მეტრს შეადგენს და თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა. სასტუმრო ისტორიული ბათუმის ბულვარის შუაგულშია და 105 ნომრიანი სასტუმროს გარდა, ქალაქის პანორამული ხედებით ტკბობისთვის საოცარი ადგილია.
სასტუმრო ახლოს არის ისეთ ღირსშესანიშნაობებთან, როგორებიცაა „ალი და ნინოს” ქანდაკება, ევროპის მოედანი და ა.შ.. ამასთან, მას ორი მხრიდან ზღვა აკრავს. თუ „ლე მერიდიანის” სტუმრობას გადაწყვეტთ, თქვენი ნომრიდან ზღვის, კავკასიონის ქედის ან ქალაქის და მისი გამორჩეული ადგილების პეიზაჟებით დატკბობას შეძლებთ. აქვე დაგხვდებათ რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი და სპა.
ბათუმის ასტრონომიული საათი დროის გარდა მზის, მთვარის, პლანეტებისა და თანავარსკვლავედების განლაგებას, მერიდიანს, ჰორიზონტსა და სხვა დეტალებსაც აჩვენებს. საინტერესოა მათთვის, ვინც ციური სხეულებით არის დაინტერესებული. საათის მექანიზმი პრაღის „რატუშის” საათის მსგავსია და გერმანიაში დაამზადებინეს. აღსანიშნავია, რომ ასტრონომიული საათის დამზადება 2010 წელს, ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით შეუკვეთეს.
საათი ეროვნული ბანკის შენობის კოშკზეა განთავსებული. თვითონ ეს ნაგებობა ულამაზესია და ევროპის ქალაქების არქიტექტურას მოგაგონებთ. შენობის ფასადი და კოშკები მწვანე და ოქროსფერი დეტალებით არის გაფორმებული და ადგილობრივი გარემოს ფონზე უფრო მშვენიერი ჩანს. თუკი ბათუმში ევროპული არქიტექტურის მაგალითის ნახვა გსურთ, ასტრონომიული საათი აუცილებლად უნდა ნახოთ.
„კოლიზეუმ მარინა” ბათუმის დასავლეთით მდებარე 5 ვარსკვლავიანი სასტუმროა. შენობა 10 სართულიანია და დამსვენებლისთვის 101 ოთახს აერთიანებს. კომფორტულ გარემოში დასვენების გარდა, აქვე რესტორნებით, სპათი, საკონფერენციო დარბაზით და აუზებით სარგებლობასაც შეძლებთ.
სასტუმრო „კოლიზეუმ მარინას” ყველაზე დიდი ხიბლი ალბათ მის ექსტერიერშია. იგი რომის კოლოსეუმს ჰგავს და ადგილობრივი გარემოსგან უდავოდ გამოირჩევა. ნომრებიდან ზღვის უმშვენიერესი ხედი იშლება, რაც დაუვიწყარ მოგონებებს შეგიქმნით. ღამის განათება კი შენობას უფრო ლამაზს ხდის და სურათების გადასაღებად არაჩვეულებრივი ფონი გამოდის.
თუ ბათუმის ტურისტული ადგილებიდან არქიტექტურულად გამორჩეულ შენობების ეძებთ, ახალი სტადიონის შენობა აუცილებლად უნდა ნახოთ. „აჭარაბეთ არენა” 2020 წელს გაიხსნა და იგი ბათუმის „დინამოსა” და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საშინაო მოედანია. უახლესი ინფრასტრუქტურითა და ტექნიკით აღჭურვილი არენა 20000 გულშემატკივარზეა გათვლილი. მისი არქიტექტურა იმდენად გამორჩეულია, რომ 2023 წელს მსოფლიო საუკეთესო საჯარო შენობების ნომინაციაზეც კი იყო წარდგენილი.
„აჭარაბეთ არენა” დღისით თეთრი ფერისაა და შორიდან ორიგამის ნაკეთობას მოგაგონებთ. ღამის განათებაზე მოედანი განსაკუთრებულად ლამაზია და დომინოების წაქცევის სცენას მოგაგონებთ. ყველაზე მშვენიერი მაშინ არის, როდესაც ექსტერიერზე საქართველოს ეროვნული დროშის გამოსახულება ისახება ხოლმე.
ბათუმის საზაფხულო თეატრი 1947 წელს დაარსდა და წლების განმავლობაში უამრავი კონცერტისა და თეატრალური წარმოდგენის მასპინძელი იყო. შენობა საკმაოდ უნიკალურია, რადგან ხით არის აგებული. მრგვალი ფორმის მომცრო ფანჯრები მის ფასადს საინტერესო ელემენტს სძენს. გარდა ამისა, თეატრი გარედან სხვადასხვა ხის ორნამენტით არის მორთული და გამვლელების ყურადღებას დამსახურებულად იწვევს.
თეატრის არქიტექტურა თავისი უნიკალურობით მულტფილმიდან გაცოცხლებულს ჰგავს.
ის 2013 წელს აღადგინეს და ბულვარის ცენტრში მდებარეობს. საზაფხულო თეატრს გამორჩეული დიზაინის დამსახურებით ტურისტულ სეზონზე უამრავი სტუმარი ჰყავს. ამიტომ არ გამოტოვოთ შესაძლებლობა და თუ ბათუმის ბულვარში მოხვდით, ამ ადგილს აუცილებლად ეწვიეთ.