სამახსოვროები არგოდან

უნიკალური ხელნაკეთი ნივთები და სხვადასხვა კომპანიის სერიული წარმოების პროდუქცია - საქართველოს ისტორიისა თუ აწმყოს სიმბოლოებად ქცეული ქართული კულტურისა და ხელოვნების ნიმუშები - კიდევ ერთი დახვეწილი და განსაკუთრებული არჩევანი „არგოს“ სტუმრებისთვის.

კულტურულ-გასართობი კომპლექსის სტუმრებს აქ ხვდებათ არა მხოლოდ იდეალური სივრცე დასასვენებლად, გასართობად, გასტრონომიული სურვილების ასასრულებლად და საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის გასატარებლად, არამედ აქ არის ის, რაც კიდევ უფრო ხელშესახებია, დასამახსოვრებელი, რისი წაღებაც და „შენად“ ქცევა შეიძლება; რაც სამუდამოდ ინახავს და იმახსოვრებს „არგოზე“ თუ ბათუმში ყოფნას, აჭარასა და, ზოგადად, საქართველოში სტუმრობას.

დეკორატიული თეფშები და საბრძოლო იარაღები, თოჯინები, ქუდები და მაისურები, სამკაულები, სხვადასხვა ჭურჭელი და სათამაშო, გემების მაკეტები, ეთნოგრაფიულ თუ ზღვის მოტივებზე შექმნილი მაგნიტები, დროშები... ტრადიციული სუვენირები თუ სრულიად მოულოდნელი და ორიგინალური კონცეფციის სასაჩუქრე ნაკეთობები - დიზაინერული კომპანიებისა და საქართველოში მომუშავე ინდივიდუალური ხელოსნების ნამუშევრები.

ნივთები, რომლებსაც მზე და ქვიშიანი სანაპირო „მოჰყვება“ და ნივთები, რომლებიც საქართველოს ზღვის და მთის პეიზაჟების, ისტორიული ძეგლებისა თუ სხვა ღირსშესანიშნაობების შესახებ „ჰყვებიან“. ის, რაც შეიძლება მხოლოდ კახეთის სიმბოლოა ან იმერეთის, სვანეთის ან გურიის და, რა თქმა უნდა, აჭარის, ან სულაც ის, რაც ამ ყველაფერს აერთიანებს - აქ იპოვი საქართველოს ყველა კუთხეს და ყველა ეპოქას.

ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი თოჯინები; ყანწები, ფიალები, დოქები, ქვევრები - თიხის მრავალფეროვანი ნაკეთობა; ფერადი ქვებით, ნიჟარებით შექმნილი სამაჯურები, ყელსაბამები და ძვირფასი, საიუველირო ნამუშევრები; ისტორიული გემები და საზღვაო თემატიკის უსასრულო ინტერპრეტაცია; ხანჯლები, ხმლები - ქართული ტრადიციული საბრძოლო იარაღი და ჭედური ხელოვნების სხვა ნიმუშები; ჩანთები, ქამრები, ქუდები, შარფები - ყველაფერი, რასაც საკუთარ თავს ან ძვირფას ადამიანს აჩუქებ, უცხოელ სტუმარს დაახვედრებ ან სულაც უცხოეთში წასაღებად შეარჩევ.

სუვენირების კუნძული - საინტერესო სივრცე ტურისტებისთვის და საქართველოში მცხოვრები „არგოს“ სტუმრებისთვის, ჩვეულებრივი თუ მოულოდნელი, არასტანდარტული, კრეატიული ან მრავალჯერ ნაცადი და გამართლებული გზა უცხოელი თუ აქაური მეგობრების გულის მოსაგებად; საკუთარი ემოციის თუ თავგადასავლის დასამახსოვრებლად... და „არგოზე“ აუცილებლად დასაბრუნებლად.