აჭარაში მოგზაურობა თუ გადაწყვიტეთ, ბათუმში აუცილებლად სანახავი ისტორიული ადგილები უნდა მოინახულოთ. ისეთ ძველ ქალაქს, როგორიც ბათუმია, საკმაოდ მრავალფეროვანი და მდიდარი ისტორია აქვს. შესაბამისად, ეს ქალაქის ღირსშესანიშნაობებზეც აისახება. საუკუნეების მანძილზე ბათუმი სხვადასხვა დიდი იმპერიის გავლენის ქვეშ იყო, ტურისტულ ქალაქად კი საბჭოთა კავშირის დროს გადაიქცა.
ისტორიამ კვალი ქალაქის ყველა ნაწილზე თანაბრად დატოვა. ქვემოთ სწორედ იმ 10 ადგილს გაგაცნობთ, რომლებიც ბათუმში ჩამოსვლის შემთხვევაში აუცილებლად უნდა ნახოთ.
ძველი ბათუმი ქალაქის ისტორიული ცენტრია. სტუმრებს იგი ყველაზე კარგად დაანახებს ქალაქის ავთენტურ იერსახეს. ქალაქის განაშენიანების ყველაზე აქტიური ფაზა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის მიუხედავად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მანამდე არსებული შენობა-ნაგებობები და ისტორიული ღირსშესანიშნაობები უმნიშვნელო ან ნაკლებად ლამაზია.
ძველ ბათუმში მრავალი არქიტექტურული სტილის შენობას შეხვდებით, რაც ქალაქს დამატებით ხიბლს სძენს. ძველი შენობები ძირითადად დაბალია - ორ ან სამსართულიანი. მათი იერსახე დღემდე შენარჩუნებულია და ნათლად გაძლევთ იმის საშუალებას, რომ 50 ან 100 წლის წინანდელი ბათუმი წარმოიდგინოთ. ახალი შენობები მრავალსართულიანი და უფრო თანამედროვეა. ხშირად დაინახავთ შენობებს, რომლებსაც ბოლო სართულზე კოშკურები ან გუმბათები აქვთ. ასევე მრავლად შეხვდებით საბჭოთა კავშირის დროს აშენებულ შენობებსაც. გამორჩეულია ყოფილი რკინიგზის სადგურის შენობა, რომლის ნახვაც სწორედ ძველ ბათუმში შეგიძლიათ.
არქიტექტურასთან ერთად აუცილებლად აღსანიშნავია ის, თუ როგორი გამწვანებულია ქალაქის ეს ნაწილი. ბუნებისა და შენობების ჰარმონია ქალაქს ბევრად მშვენიერ იერსახეს სძენს.
1-ლი საუკუნის ისტორიული ციხესიმაგრე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, კერძოდ გონიოში მდებარეობს. ამ ადგილს ბევრი ლეგენდა თუ მითი უკავშირდება. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, მეფე აიეტმა გაქცეული იასონის მიერ მოკლული ვაჟი, აფსაროზი, სწორედ აქ დაკრძალა. ამბობენ იმასაც, რომ ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული - მატათაც აქ უნდა იყოს დასაფლავებული. ადგილობრივების გადმოცემით, ციხის გვერდით მდინარე ჭოროხის ერთ-ერთი შენაკადი ჩამოდიოდა და მდინარეს სანაოსნო მნიშვნელობაც ჰქონდა.
ციხის სტრუქტურა რთული ნაგებობაა და მრავალი კოშკი თუ დაშენება აქვს. 1-ლი საუკუნიდან დღემდე შენობას მრავალი რესტავრაცია ჩაუტარდა, რაზეც გალავნის კედლებში სხვადასხვა ფენის არსებობა მიგვითითებს. შიდა ფენებში სწორხაზოვანი, დიდი ზომის კვარდები აღინიშნება, ზევით კი - უსწორმასწორო რიყის ქვებია. აღმოჩენილია ბიზანტიის და გენუელთა ხანის სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების მტკიცებულებები და I-III საუკუნის ნაგებობები.
გონიოს ციხეში მუზეუმ-ნაკრძალის დათვალიერებაც შეგიძლიათ, რომელიც 2010 წლიდან ფუნქციონირებს. აქ უამრავი უძველესი ექსპონატის ნახვას და ბუნებაში მოსვენებასაც შეძლებთ.
მედეას ქანდაკება ქალაქ ბათუმში, ევროპის მოედანზე მდებარეობს. ის 2007 წელს საზეიმოდ გახსნეს და მას შემდეგ უამრავ ტურისტს იზიდავს. ულამაზესი ქალის ქანდაკება ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთ გმირს, მედეას ეძღვნება, რომელიც თავისი ეპოქის მკურნალი და ფარმაცევტი იყო. იგი კოლხეთის მეფის, აიეტის უმცროსი ქალიშვილია.
ლეგენდის თანახმად, მედეას არგონავტების წინამძღოლი, იასონი შეუყვარდა და კოლხეთიდან ოქროს საწმისის გატაცებაში დაეხმარა. ოქროს ვერძი კოლხებისთვის კეთილდღეობასთან ასოცირდებოდა, მისი მოტაცება კი იასონისთვის სამეფო ტახტის მიღების ტოლფასი იყო.
ქანდაკება ოქროს დეტალებით არის გაფორმებული და მედეას ხელში მოოქროვილი ვერძი უჭირავს. მე-19 და მე-20 საუკუნის არქიტექტურით გარშემოტყმულ მოედანზე მისულ სტუმრებს ეს გამორჩეული ქანდაკება გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს.
საბაგირო გზა „არგო” 10 წელზე მეტია ფუნქციონირებს და როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივებისთვის პოპულარული თავშეყრის ადგილია. საბაგიროს ზედა სადგური ზღვის დონიდან 256 მეტრზე მდებარეობს, საიდანაც ბათუმის მშვენიერი ხედი იშლება. მოგზაურობას მხოლოდ 15 წუთი სჭირდება, რაც საშუალებას გაძლევთ ბათუმის პეიზაჟების სილამაზე ნელ-ნელა შეიგრძნოთ.
„არგოს” საბაგირო გზის უმაღლეს წერილში გადასახედი გემბანი დაგხვდებათ. იქიდან ქალაქის, ზღვისა და პორტის ულამაზესი პეიზაჟი იშლება. აღსანიშნავია, რომ ზღვის დონიდან 256 მეტრის სიმაღლეზე განთავსებულ გემბანზე რამდენიმე ჭოგრიტია განთავსებული, საიდანაც სასურველი ადგილის უფრო დეტალურად დათვალიერების საშუალებაც გეძლევათ.
საბაგიროს ზედა სადგურს გემბანის ფორმა შემთხვევით არ აქვს. იგი ზემოთ ხსენებული „არგონავტების” გემის მსგავსია და დამსვენებელს საშუალებას აძლევს თავი მათი მისიის წევრად წარმოიდგინონ. მითოლოგიასთან ასეთი კავშირი ადგილს ზღაპრულობის შეგრძნებას მატებს და უფრო მეტ ტურისტს იზიდავს.
აღსანიშნავია ამ ადგილის ისტორიული მნიშვნელობაც. „არგოს” ზედა სადგური ანურიის მთაზე მდებარეობს, სადაც ადრე ანარიის ფორტი მდებარეობდა. მას ორმაგი დანიშნულება ჰქონდა:
ფორტი განსაკუთრებით ცნობილია ანარიის ფორტის ბრძოლის ადგილად. ბრძოლა 1918 წელს მოხდა, როდესაც ქართული ჯარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო და არაორგანიზებულობის გამო ოსმალებმა ამ ადგილის აღება მოახერხეს. ფორტს გმირულად იცავდა 100-მდე ჯარისკაცი, თუმცა ბრძოლას ყველა მათგანი შეეწირა.
ბათუმში აუცილებლად სანახავი ისტორიული ადგილების სიაში ადგილობრივი მეჩეთი დამსახურებულად მოხვდა. უმეტესად ქრისტიან ქვეყანაში მეჩეთი მულტიკულტურულობის და რამდენიმე განსხვავებული ტრადიციის ჰარმონიაში ცხოვრების ნათელი მაგალითია. მეჩეთი ქუთაისის ქუჩაზე მდებარეობს და 1866 წელს, ჯერ კიდევ ოსმალური ხელისუფლების დროს აშენდა. ეს გარკვეულწილად აჭარის რეგიონის ძველ ოსმალურ საზღვართან სიახლოვითაც აიხსნება.
მეჩეთი თავისი მაღალი მინარეთით ყურადღებას შორიდანვე იპყრობს. მინარეთი თეთრი ფერისაა, ხოლო გუმბათი მოოქროვილია. მეჩეთის ფასადზე მართკუთხა და მრგვალი ფანჯრები მონაცვლეობით გვხვდება. მრგვალი ფანჯრების ზევით ნახევარმთვარეებია გამოსახული, რაც ისლამის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. აღსანიშნავია, რომ ინტერიერი ლაზმა ოსტატებმა მოხატეს და მათი ნამუშევარი ერთიან დიდ სივრცეში საუცხოო სანახაობას ქმნის.
გახსნიდან 1935 წლამდე მეჩეთი აქტიურად ფუნქციონირებდა. 1935 წლიდან სამხედრო საწყობად გადაკეთდა და ასე იყო 1946 წლამდე, როდესაც პირვანდელი ფუნქცია დაუბრუნდა.
ბათუმის მრავალფეროვან კულტურაზე არამხოლოდ მეჩეთი მეტყველებს. აქვე შეძლებთ სინაგოგაც იხილოთ. სინაგოგა 1904 წელს ადგილობრივი ებრაელების თხოვნით აშენდა. მათ რუსეთის იმდროინდელ მმართველს, ნიკოლოზ II-ს მიმართეს და სინაგოგის აშენების ნებართვა მოითხოვეს. ნებართვა მალევე მიიღეს, შემდეგ კი არქიტექტორმა სემიონ ვულკოვიჩმა ააშენა.
საბჭოთა კავშირის არსებობის დროს სინაგოგას პირვანდელი დანიშნულება გაუუქმდა და სხვადასხვა მრავალი მიზნისთვის იყენებდნენ. თუმცა, კავშირის დაშლის შემდეგ იგი კვლავ ადგილობრივ ებრაულ სათვისტომოს გადაეცა და დღემდე სამლოცველოდ გამოიყენება.
არ აქვს მნიშვნელობა იუდაიზმის მიმდევარი ხართ თუ არა. თუკი ბათუმში აუცილებლად სანახავი ადგილები გაინტერესებთ, სინაგოგის ნახვას ნამდვილად გირჩევთ. ამით თქვენ ადგილობრივი ისტორიისა და განსხვავებული კულტურების შეცნობას უკეთ შეძლებთ.
საპორტო ქალაქი შუქურის გარეშე გინახავთ? ალბათ არა. გამონაკლისი არც ბათუმია. შუქურა 1863 წელს აიგო და, თავდაპირველად, დიოპტირული ნათურის მქონე თუჯის სვეტს წარმოადგენდა. დროთა განმავლობაში ნაგებობის გაუმჯობესების საჭიროება შეიქმნა. შესაბამისად, მისი რეკონსტრუქცია დაიწყო.
1882 წელს ფრანგმა კონსტრუქტორებმა შუქურა გადააკეთეს. თუჯის სვეტი სწორწახნაგოვან ქვის სვეტად გადაკეთდა, რომლის ზევითაც სანათი მოწყობილობის დასამონტაჟებლად კოშკი აღმართეს. ამ პერიოდიდანვე შუქურის ერთსართულიან ფლიგელებში ადგილობრივი მეტეოროლოგიური და სამაშველო სადგურები ფუნქციონირებდა.
შუქურა ზღვისპირა ქალაქის სავიზიტო ბარათია და არამარტო ფუნქციური, არამედ ტურისტული ღირსშესანიშნაობის დანიშნულებაც აქვს. იგი ქალაქის ცენტრთან და სხვა აუცილებლად სანახავ ადგილებთან საკმაოდ ახლოსაა. ასე რომ, თუ ამ ისტორიული ნაგებობის ნახვას გადაწყვეტთ, უკმაყოფილო ნამდვილად არ დარჩებით.
მეჩეთისა და სინაგოგის ნახვის შემდეგ ქრისტიანული ტაძარიც აუცილებლად უნდა ნახოთ. ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი კი ბათუმში აუცილებლად სანახავი ისტორიული ადგილების სიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. იგი ჩვეულებრივ მართმადიდებლურ ეკლესიას არ ჰგავს, რადგან ნეო-გოთური სტილით არის აშენებული. განსხვავებული დიზაინი ევროპის ცნობილ კათედრალებს უფრო მოგაგონებთ, ვიდრე ტრადიციულ მართმადიდებლურ ტაძარს.
ეკლესია ძმებმა ზუბალაშვილებმა 1897 წელს ააშენეს. მას გამორჩეული არქიტექტურა და დიზაინი აქვს, რაც ტურისტებისთვის საინტერესო გამოცდილებას ქმნის. საბჭოთა კავშირის დროს, ისევე როგორც სხვა სალოცავებს, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარსაც პირვანდელი დანიშნულება დაეკარგა. მას ხან არქივად იყენებდნენ, ხანაც მაღალი ძაბვის ლაბორატორიად. თუმცა, საბოლოო ჯამში, ის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას დაუბრუნდა.
1989 წელს ტაძარი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ აკურთხა. ჩატარდა საზეიმო ნათლობის ცერემონიაც, რა დროსაც 5000 ადამიანი გაქრისტიანდა. ტაძარი თავის ფუნქციურ დანიშნულებას დღემდე ასრულებს და ლაზეთის ეპარქიის მთავარი საკათედრო ტაძარია.
კიდევ ერთი საოცარი ადგილი, რომელიც აჭარაში უნდა ნახოთ „პეტრას” ციხეა. ის ბათუმთან ახლოს, ციხისძირის ტერიტორიაზე მდებარეობს და მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ადგილზე მისულებს თავი ფილმის გადასაღებ მოედანზე გეგონებათ. მისტიურ ატმოსფეროს და ფანტასტიკის შეგრძნებას კი ციხის ნანგრევების მდებარეობა განსაზღვრავს.
„პეტრას” ციხე ზღვისპირა კლდოვან ბორცვზე იყო განლაგებული. მიუხედავად იმისა, რომ ახლა საავტომობილო გზა მასთან ძალიან ახლოს გადის, საუკუნეების წინ მიუვალ ციხედ ითვლებოდა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადგინდა, რომ ადგილზე სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობა იყო, მათ შორის: სასახლე, აბანო და VI-VII საუკუნით დათარიღებული კათედრალიც კი. დასავლეთ საქართველოსთვის ციხეს დიდი პოლიტიკური როლი უნდა ჰქონოდა.
გადმოცემის თანახმად, „პეტრას” ციხის ადგილას მცირე სიმაგრე იყო, რომლის კვალიც ახლა აღარ არსებობს. მე-6 საუკუნეში კი, ხელსაყრელი გეოგრაფიული და პოლიტიკური მდებარეობის გამო, იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით ციხე აშენდა. „პეტრა” ციხის ბიზანტიური სახელია, ქართულად კი „ქაჯეთის” ციხე ერქვა. ექსპერტების ვარაუდით, სწორედ ეს ადგილია „ვეფხისტყაოსანში” მოხსენიებული ციხე.
ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მე-20 საუკუნიდან ტარდება. 1989 წელს აღმოჩენილი ექსპონატების გამოსაფენად მუზეუმ-ნაკრძალი დაარსდა. მუზეუმში სხვადასხვა ეპოქის არაერთი ნიმუშია წარმოდგენილი. მათ შორისაა: მოზაიკის ფრაგმენტები, კერამიკის ნივთები, ნუმიზმატიკის ნიმუშები და ა. შ.. მუზეუმის დათვალიერების შემდეგ ნაკრძალის ტერიტორიაზე მოსვენებას და ბორცვიდან გადაშლილი ულამაზესი ხედებით ტკბობასაც შეძლებთ.
„ფანტაზიის” სახელით ცნობილი კაფე „რვაფეხა” ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არქიტექტურული ნამუშევარია, რომელსაც ბათუმში შეხვდებით. შენობას მხოლოდ კაფეს დანიშნულება არ აქვს, ის ქანდაკებასაც წარმოადგენს. „რვაფეხა” ბათუმის ბულვარში მდებარეობს და 1975 წელს აშენდა. გახსნის დღიდანვე საკმაო პოპულარობით სარგებლობდა და მენიუში თურქული ყავა და წონის ნაყინიც კი ჰქონდათ.
კონსტრუქციას რკინის კარკასი აქვს და სხვადასხვა ფერის მოზაიკით და სმალტითაა გაწყობილი. ერთ-ერთი არქიტექტორის, გიორგი ჩახავას განცხადებით, შთაგონება საქართველოს სხვადასხვა მხარის ინდივიდუალიზმი იყო. მოზაიკებითაა მორთული რვაფეხაზე განთავსებული სხვა ზღვის ბინადრებიც. მათ შორისაა დელფინებიც, რომლებიც ბათუმის სიმბოლოს წარმოადგენს.
2000 წლიდან ყველასთვის საყვარელი „რვაფეხა” დაიკეტა და ამან, გარკვეულწილად, შენობის იერსახის დაზიანება გამოწვია. საზოგადოებაში გავრცელებული აზრის მიხედვით, „რვაფეხა” იმდენად იყო დაზიანებული, რომ მისი აღდგენა შეუძლებელიც კი იყო. საქმეს ართულებდა ისიც, რომ „ჰილტონს” მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანება ჰქონდა გადაწყვეტილი. ბევრი ფიქრობდა, რომ ეს „რვაფეხას” სამუდამოდ დემონტაჟსაც გულისხმობდა.
ყველაფრის მიუხედავად, 2018 წლიდან კაფე „რვაფეხას” აღდგენითი სამუშაოები დაიწყო და ერთი წლის შემდეგ საზეიმოდ გაიხსნა. 2020 წელს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ „რვაფეხა” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად ოფიციალურად დაამტკიცეს. ეს უცნაური და ფერადი მონუმენტი თქვენც აუცილებლად უნდა ნახოთ. საყვარელი რვაფეხა და მისი მეგობრები დაუვიწყარ შთაბეჭდილებას განსაკუთრებით თქვენს ბავშებზე დატოვებენ.