საიდან იშლება ბათუმის საუკეთესო ხედები?

17 მაისი, 2024

საიდან იშლება ბათუმის საუკეთესო ხედები? | argo-batumi.ge

თუ სამახსოვრო ფოტოების გადაღება ან უბრალოდ ბუნება გიყვართ და მისი სილამაზით დატკბობა მოგინდათ, აჭარაში მოგზაურობისას ქვემოთ ჩამოთვლილი ბათუმის საუკეთესო ხედების დათვალიერებას გირჩევთ.

ჯვარი

ჯვარი ბათუმის ცენტრიდან მოშორებით, გონიოში მდებარეობს და იქაური მთის სიმბოლოა. იქ მოხვედრას ტაქსით ან მანქანით თავისუფლად შეძლებთ. თუმცა, თუ მანქანით არ მოგზაურობთ და ადგილის შეღავათიან ფასად მონახულება გინდათ, ბათუმიდან გონიომდე ავტობუსით, ხოლო შემდეგ ფეხით სიარული მოგიწევთ.

იმის მიუხედავად, რომ ჯვარზე ყოველწლიურად უამრავი ტურისტი და მომლოცველი ადის, ბათუმის ცენტრთან შედარებით წყნარი გარემო დაგხვდებათ, რადგან ქალაქის ხმაურისგან მოშორებით მდებარეობს. თუმცა, თუ იქ წასვლას გადაწყვეტთ, ნამდვილად არ ინანებთ. ჯვარიდან მწვანე ბუნების, ქალაქისა და ზღვის სანაპიროს ულამაზესი ხედი იშლება. საუკეთესო ადგილია მათთვის, ვინც განსხვავებული ფოტოების გადასაღებად, საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლას არ უშინდება.

საბაგირო გზა „არგო”

საბაგირო გზა „არგოს” ზედა სადგური ზღვის დონიდან 256 მეტრის სიმაღლეზეა განთავსებული და იქ ასასვლელად სულ რაღაც 15 წუთია საჭირო. 20 რვაადგილიან გონდოლას ერთი საათის მანძილზე 500-მდე მგზავრის გადაყვანა შეუძლია. საბაგირო გზის ზედა სადგურზე ასულებს საოცარი სანახაობა გელით - გადმოსახედი გემბანიდან ბათუმის ულამაზესი პეიზაჟი იშლება. განსაკუთრებული სილამაზით მზის ჩასვლის პერიოდი გამოირჩევა. ადგილზე დამონტაჟებული რამდენიმე ჭოგრიტით თქვენთვის სასურველი ადგილების უფრო „ახლოდან” ნახვასაც კი შეძლებთ.

გადმოსახედი გემბანი

დანიშნულების ადგილზე მისულებს მხოლოდ პეიზაჟი არ მოეწონებათ. ადგილზე რამდენიმე საინტერესო ობიექტი დაგხვდებათ. პირველ რიგში, აღსანიშნავია კაფე-ბარი, სადაც ადგილობრივი სამზარეულოს და სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელის დაგემოვნებას შეძლებთ. კაფედან პანორამული ხედი იშლება, რაც განსაკუთრებულად მყუდრო გარემოს მზის ჩასვლის დროს ქმნი

ალკოჰოლის მოყვარულებს ღვინის მაღაზიაც დახვდებათ, სადაც ქართული ღვინის ნაირსახეობიდან თქვენთვის სასურველის შეძენას შეძლებთ. გარდა ამისა, იქვე მდებარე სუვენირების მაღაზიაში სამახსოვრო საჩუქრებისა და ნივთების ყიდვაც შეგიძლიათ. ბათუმში მიღებული დადებითი ემოციებისა და მოგონებების გახსენებაში „არგოს” ობიექტებზე გაკეთებული შენაძენი აუცილებლად დაგეხმარებათ.

ღვინის მაღაზია

თუ ფოლკლორული მუსიკისა და ტრადიციული ცეკვების მოყვარული ხართ, მაშინ „არგოს” ზედა სადგურზე გამართული სეზონური გამოსვლებითაც დაინტერესდებით. საღამოობით იქ ადგილობრივი შემსრულებლები დაუვიწყარ შოუებს მართავენ და სტუმრებს ქართული კულტურის საამაყო ნაწილს აცნობენ.

ბათუმის პანორამული ბორბალი

ბათუმის პანორამული ბორბალი

ბავშვებთან ერთად ისეთი ატრაქციონით სარგებლობა გსურთ, საიდანაც ბათუმის საუკეთესო ხედები იშლება? მაშინ ბათუმის პანორამული ბორბალი სათქვენო არჩევანი ყოფილა. ე.წ. „ეშმაკის ბორბალი” 10 წელზე მეტია ქალაქს ამშვენებს. იგი ბათუმის ბულვარში მდებარეობს და 55 მეტრის სიმაღლისაა. ბორბალზე სრული მოგზაურობა 10 წუთი გრძელდება და ამ მოკლე დროში დამთვალიერებელს ბათუმისა და სანაპირო ზოლის დათვალიერების შესაძლებლობა ეძლევა. განსაკუთრებულად ლამაზი სანახაობა საღამოს საათებში გელით, როდესაც ცა ათასფრად იღებება.

სქაი ბარი „ნეფელე”

სქაი ბარი „ნეფელე” ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონის” მე-20 სართულზე მდებარეობს. ბარიდან ერთნაირად კარგად ჩანს აჭარის მთიანეთი, ბათუმი და ზღვა. როგოც ტერასიდან, ისე ძირითადი დარბაზიდან ულამაზესი ხედებით ტკბობას თავისუფლად შეძლებთ.

სქაი ბარი „ნეფელე”

ადგილზე დაგხვდებათ ქართული, ევროპული და აზიური სამზარეულო. გარდა ამისა, ალკოჰოლური სასმელების შეკვეთასაც შეძლებთ. გემოვნებიანი მუსიკის ფონზე გემრიელი კერძების მირთმევა და მე-20 სართულის პანორამული ხედებით ტკბობა - სიამოვნებისთვის სხვა რა არის საჭირო?

ბათუმის საზღვაო ნავსადგური

ბათუმის საზღვაო ნავსადგური

ბათუმის საზღვაო ნავსადგურს სატვირთოს გარდა სამგზავრო ტერმინალიც აქვს, სადაც სხვადასხვა დიდი თუ პატარა კერძო საზღვაო ხომალდი ჩერდება. თუკი სიმაღლის გეშინიათ ან უბრალოდ განსხვავებული და დასამახსოვრებელი თავგადასავლების მოყვარული ხართ, ბათუმის ხედით ტკბობა ზღვიდანაც შეგიძლიათ. დაქირავებული იახტით ზღვაზე გასეირნებას, რელაქსაციას და მზის ჩასვლის ყურებას ზღვიდანვე შეძლებთ. ქალაქის ხედების დათვალიერების ეს ერთი შეხედვით უჩვეულო, თუმცა სრულიად ლოგიკური გზა ნამდვილად არასდროს დაგავიწყდებათ.

ანბანის კოშკი

ანბანის კოშკი

ანბანის კოშკი ზღვიდან სულ რაღაც 20 მეტრში, ბათუმის ბულვარში მდებარეობს. მისი სიმაღლე 130 მეტრს შეადგენს და ექსტერიერი 33 ქართული ასოთი არის მორთული. ეს ულამაზესი შენობა 2011 წელს აშენდა და მისი არქიტექტორი ალბერტო დომინგო კაბაო არის.

კოშკის ბოლო სართულებზე რესტორანი, ღია ტერასა და ობსერვატორია მდებარეობს, საიდანაც მთების, ქალაქისა და ზღვის საოცარი ხედი იშლება. კოშკი 360 გრადუსით ბრუნავს და ბათუმის ხედით ტკბობის საშუალებას 1 საათის მანძილზე გაძლევთ.

აღსანიშნავია, რომ კოშკს საკონფერენციო დარბაზები და VIP ოთახებიც აქვს, რაც მას საუკეთესო ადგილს ხდის ბიზნესშეხვედრებისთვის, ქორწილებისთვის, ბანკეტებისთვის, პრეზენტაციებისთვის თუ რომანტიული საღამოებისთვის. ღონისძიებას თუ გეგმავთ ან უბრალოდ პაემანზე წასვლა გინდათ და საინტერესო ადგილს ეძებთ, ბათუმის ანბანის კოშკი ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია.

რესტორანი პანორამა

გაინტერესებთ ლანჩის ან ვახშმის მირთმევა ბათუმის საუკეთესო ხედების ფონზე სად შეგიძლიათ? რესტორანი „პანორამა” ამისთვის შესანიშნავი ადგილია. ის აჭარის ყველაზე დიდი სარესტორნო კომპლექსია. რესტორნის მთავარი სულისჩამდგმელი წარმოშობით აფხაზეთიდან არის და გამორჩეული ობიექტის აშენება სურდა. რესტორანმა პირველი სტუმრები 2022 წელს მიიღო.

„პანორამა” Orbi Sea Towers-ის კომპლექსის 31-34 სართულებზე მდებარეობს და 4 ერთმანეთისგან განსხვავებულ სივრცეს აერთიანებს:

  • 31-ე სართული: აქ ტრადიციული ქართული საკვები და შესაბამისი ინტერიერი დაგხვდებათ.
  • 32-ე სართული: ტერასა, სადაც სხვადასხვა სახის ღონისძიებები ხშირად ტარდება. პანორამული ხედის მქონე საბანკეტო დარბაზიც აქვე მდებარეობს. ფოტოზონაში ლამაზი სამახსოვრო ფოტოების გადაღებას შეძლებთ. რაც შეეხება მუსიკას, ტერასაზე სხვადასხვა DJ-ის სეტი ხშირად ტარდება.
  • 33-ე სართული: ღვინის კულტი - ამ სართულზე შეხვდებით ყველაფერს, რაც ღვინოსთანაა დაკავშირებული. საუცხოო ღვინის დაგემოვნებას და ღვინისთვის განკუთვნილი აქსესუარების შეძენასაც შეძლებთ.
  • 34-ე სართული: „პანორამა სახურავზე” - ამ სივრციდან მთელი ქალაქის დათვალიერება შეუზღუდავი რაკურსით შეგიძლიათ. აქვეა კოქტეილ-ბარი და სცენაც, სადაც არაერთი ღონისძიება ჩატარებულა. საუკეთესოა ხელის მოწერის ცერემონიისთვის, რადგან ისედაც მშვენიერ დღეს ქალაქის და ზღვის საოცარი ხედით გაალამაზებთ.

რესტორან „პანორამაში” ულამაზესი ხედის გარდა გემრიელი კერძები, იშვიათი ღვინო, გემოვნებიანი მუსიკა და კარგი სერვისი დაგხვდებათ. მომსახურე პერსონალი სრულად გადამზადებულია და ევროპული მომსახურების სტანდარტებს იცავენ. აღსანიშნავია ისიც, რომ იქ ხშირად ტარდება მასტერკლასები, DJ სეტები და კონცერტები.